Tinatin Japharidze თინათინ ჯაფარიძე

* 1978

  • „წარსულის გააზრების გარეშე, ჩემი აზრით, არც მომავალი იქნება. ეს იყო ჩვენი უმძიმესი, ტოტალიტარული სახელმწიფოს წარსული. პანთეონი, მემორიალური სასაფლაო იქნება იქ [ბათუმის მასობრივი სამარხების ტერიტორიაზე] თუ მუზეუმი, ეს ყველაფერი იქნება ადგილი, სადაც ჩვენ ყველანი მივალთ, მივიყვანთ შვილებს და ვეტყვით, რომ ეს მოიტანა სტალინიზმმა, ეს არის ის სახელმწიფო რომელსაც აშენებდნენ, ამდენი სისხლი, უბედურება, ტანჯვა-წამება ამ ადამიანების - ეს არის სტალინიზმის სიმბოლო. ეს აღარ უნდა განმეორდეს: უნდა ვიცოდეთ რა არის ტოტალიტარული სახელმწიფო; უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს, გყავდეს ბელადი, რომელიც არ მიდის იქამდე, სანამ არ მოკვდება თავისი ბიოლოგიური სიკვდილით“.

  • „1920-იანი წლების ბოლოს სახლში ჰყავდათ უზარმაზარი სამეფო დოგი, სახელად ლორდი. ერთ მშვენიერ დღეს, ლორდი სეირნობდა სახლის წინ ახლანდელ ვაჟა-ფშაველას, მაშინ კარლ მარქსის ქუჩაზე. კომუნალურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ ლორდი უსახლკარო ძაღლი იყო და წაიყვანეს. ბებიაჩემი, ბავშვები და გუვერნანტი ქალი მაშინვე გაიქცნენ ბათუმის მერიის შენობაში და შევარდნენ კაბინეტში, სადაც ვიქტორს სხდომა ჰქონდა. ყვიროდნენ, რომ „ლორდი დაიჭირეს“. წარმოიდგინეთ, 1920-იანი წლების ბოლო, საბჭოთა საქართველო, ქალაქის საბჭოს სხდომა. ყველა დამსწრე საშინლად დაიძაბა, რადგან ვერ გაიგეს, ვინ იყო ლორდი, რომელიც დააპატიმრეს. ყველას ძალიან შეეშინდა და ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო ლორდი. ვიქტორმა ყველა დაამშვიდა და აუხნსა, რომ „დაპატიმრებული“ ლორდი ძაღლი იყო, საბოლოოდ კი სხდომის შემდეგ წავიდნენ და ძაღლი დაიბრუნეს“.

  • „აჭარაში რეპრესიები ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო. არამხოლოდ ელიტას, რადგან პირველი ოპერაცია კულაკური იყო და ის ძირითადად კულაკებს, გლეხობას შეეხო. კულაკის განსაზღვრებაც ხომ ეს არის: გლეხი, რომელიც მეურნეობაში დაქირავებულ მუშას იყენებდა, აჭარაში კი ძალიან დიდი მეურნეობები იყო. მე ვიცი შემთხვევები, როცა თუ არ ხვრეტდნენ, ქონების კონფისკაციით სჯიდნენ და ათი წლით გადასახლებაში უშვებდნენ. მყავს ორი ნათესავი, რომელთა წინაპრებიც გადაასახლეს, იქიდან კი ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. ასე რომ, კულაკური ოპერაციით ძალიან ბევრი ადამიანი დახვრიტეს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანებს, რომელთაც უცხოეთში, თურქეთში ახლო ნათესავები ჰყავდათ და ამ კუთხითაც მიდიოდა რეპრესიები. ინტელიგენცია თავისთავად [ემსხვერპლა რეპრესიებს]... მემგონი, ვერავინ გადაურჩა ამ ტერორს...“

  • Celé nahrávky
  • 1

    Japharidze თინათინ ჯაფარიძე Tinatin

    (audio)
    délka: 07:23
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
  • 2

    Tbilisi, 06.12.2023

    (audio)
    délka: 37:00
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

საბჭოთა კავშირი საქართველოს უმძიმესი წარსულია

Tinatin Japharidze, 2024
Tinatin Japharidze, 2024
zdroj: Natáčení

თინათინ ჯაფარიძე დაიბადა თბილისში 1978 წელს. ის ისტორიკოსია, არქივებთან მუშაობის გამოცდილებით. ინტერვიუში თინათინი დიდი ბაბუის, ვიქტორ ჭედიას შესახებ გვიყვება, რომელიც რეპრესირებულია. თავად თინათინი ამ საკითხით ბავშვობაშივე დაინტერესდა, რადგან ბებიამისი, ვიქტორ ჭედიას ქალიშვილი, მამამისის ამბებს მუდმივად ჰყვებოდა. აჭარაში რეპრესიები ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო. თინათინ ჯაფარიძის თქმით, მცდარია აზრი, რომ სამიზნე მხოლოდ ელიტა იყო - დიდ ტერორს არაერთი გლეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ადამიანის კონტაქტებს საზღვარგარეთ: ერთი სიტყვით, რეპრესიებს ვერც ერთი ფენა ვერ გადაურჩა. თინათინ ჯაფარიძემ კვლევა 2000-იან წლებში დაიწყო, რასაც ინტერნეტის დამსახურებად თვლის. რეპრესირებულთა ციფრულ ბაზაში ბაბუამისის დოკუმენტების ხილვამ მოტივაცია მისცა, რომ ძიება გაეგრძელებინა. როცა 2019 წელს გაიგო, რომ ბათუმში დიდი ტერორის მასობრივი სამარხი იქნა აღმოჩენილი, გაუჩნდა იმედი, რომ დიდი ბაბუის სამარხსაც მიაგნებდა თინათინის აზრით, წარსულის გააზრების გარეშე მომავალი უბრალოდ არ იქნება. საბჭოთა კავშირი საქართველოს უმძიმესი წარსულია და აუცილებელია არსებობდეს მემორიალური ადგილი, რომელზეც ადამიანები მივლენ და შეეძლებათ უთხრან მომავალ თაობას, თუ რა ტრაგედია მოიტანა სტალინიზმმა, თუ რა იყო კომუნიზმი, ტოტალიტარიზმი და რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც მცირე ჯგუფს უსასრულო ძალაუფლება აქვს.