Avtandil Imnadze ავთანდილ იმნაძე

* 1940

  • „ერთ დღეს იმ დაზგასთან დამაყენეს, რომელზეც თურმე მეორე ცვლაში მუშაობდა მერაბი. დავინახე, რომ ცალკე იდო წუნიანი დეტალები. მერაბი შებრუნებით აკეთებდა ამ დეტალებს და ისინი აღარ გამოდგებოდა. ამ დეტალების გამოჩარხვაში გვიდიდნენ ცოტა ფულს, რომლითაც ბუფეტში საჭმელს ვყიდულობდით. მერაბი ამას შეგნებულად აკეთებდა. როცა მივწერე, რატომ აკეთებ ამას-მეთქი, მომწერა: „ძმაო, ავთო, ეს ჩვენი გაკეთებული დეტალები ამ საზიზღრებს სვერდლოვსკის სამხედრო ქარხანაში მიაქვთ და ჩვენ შეგნებულად გვაკეთებინებენ, რომ მონაწილეობა მივიღოთ საბჭოთა სამხედრო ძლიერების განმტკიცებაში. ამის მერე სულ ასე ვიზამ, აქამდე არ ვიცოდი. რაც გავიგე, მას შემდეგ ვაკეთებ“. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მეც დავიწყე ამ დეტალების გაფუჭება“.

  • „ნოვოსიბრსკის ციხეში რომ შემაგდეს, შემიყვანეს საკანში, რომელშიც საშინლად ციოდა. აპრილი იყო, მაგრამ აპრილშიც კი იქ ზამთარია. მოვითხოვე ფურცელი და ფანქარი და დავწერე განცხადება, რომ გადავეყვანე ნორმალურ საკანში. ცოტა ხანში ამიყვანეს კაბინეტში, სადაც ორი ადამიანი იჯდა. ერთი მოადგილე წერდა რაღაცას, მეორე კი მთვრალი იყო. ამან დამიწყო გინება, მე ჩუმად ვიყავი, რა უნდა მეპასუხა. ამან უფრო გააღიზიანა, აიღო დიდი ჯოხი და დამიწყო ცემა, ზურგში ჩამარტყა რამდენიმეჯერ. შემდეგ კი მეორემ, რომელიც წერდა, შეაჩერა და ჩხუბი დაუწყო, ვითომ მიშველა. ამის შემდეგ სხვა საკანში გადამიყვანეს. სასაცილო ის იყო, რომ ისეთ საკანში გადამიყვანეს, რომელშიც საშინლად ცხელოდა. არ გინდოდა სიცივე, ახლა სიცხე აიტანეო. მე სიცხეს უფრო ვიტან და ავიტანე. შემდეგ სხვა ციხეში წამიყვანეს. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ფიზიკურად შემეხნენ“

  • „რა თქმა უნდა, გავიგეთ [პრაღის გაზაფხულის შესახებ], მაგრამ მაშინ რაიმე განცხადების გაკეთება ან გამოხმაურება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ხმამაღლა ვერ ილაპარაკებდი. ერთადერთი იყო სოლჟენიცინი, „არქიპელაგი გულაგის“ ავტორი, ისიც შემდეგ გამოჩნდა, ამ დროს სახაროვიც არ ჩანდა, რადგან არ არსებობდა დისიდენტური მოძრაობა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, ხალხში იყო აზრი, რომ რაც მოხდა, საშინელება იყო და ჩემ ირგვლივ ყველა ჩეხების მიმართ სოლიდარული იყო და თანაგრძნობას გამოხატავდნენ, რამდენადაც ეს მაშინდელ საქართველოში შესაძლებელი იყო.”

  • „[სტალინი რომ მოკვდა], როგორც ყველა, ვტიროდი - დავკარგეთ მამა. იოსებ ნონეშვილმა საოცარი ლექსიც კი მიუძღვნა. ამ ლექსს ცნობილი მსახიობები კითხულობდნენ და ყველას ცრემლი სდიოდა, ასეთი ქვეყანა იყო. [სამი წლის შემდეგ, როცა დემონსტრაციები მოხდა] გამოვდიოდით და ვყვიროდით, ახლა მეცინება: „ლენინ-სტალინ, „ლენინ-სტალინ“, თითქოს სტალინი არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა და თუ ლენინი დიდი იყო, სტალინიც იყო. ერთ სიბრტყეზე გაგვყავდა და ხრუშჩოვის წინააღმდეგ ვიყავით დაგეშილები. მაშინ 15 წლის ვიყავი. როცა ტრაგედია დატრიალდა, იქ არ ვიყავი, ჩემმა დამაც ძლივს გამოასწრო და ცოცხალი დარჩა.”

  • „ჩემი ჩამოყალიბება მოხდა ჩემი მეგობრის, რომანოზ ფერაძის ოჯახში. რომანოზი წმინდა გრიგოლ ფერაძის ძმიშვილი იყო და მის ოჯახში მე ხშირად ვიყავი. მამამისი მტრულად იყო საბჭოთა კავშირის მიმართ განწყობილი, რადგან ის და მისი ძმები ერთად იბრძოდნენ კოჯორთან მე-11 არმიის წინააღმდეგ, მან კი ფეხი დაკარგა ამ ბრძოლაში. ის არათუ საბჭოთა კავშირს ვერ იტანდა, იყო ძალიან პატრიოტი ადამიანიც. ეს ის პერიოდი იყო, 50-იანი წლების ბოლოს, როდესაც ჩემი თაობა და მთელი საქართველო დარწმუნებულები ვიყავით, რომ საბჭოთა კავშირი მძლე კავშირი იყო, ძმური კავშირი იყო, ის დიდმა რუსმა ხალხმა შეკრა და გვეგონა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო - ასეთი იყო ფსიქოლოგია მაშინ. სწორედ მისგან გავიგე პირველად, რომ ეს სულაც არ არის ასე, საქართველოს უფლება აქვს, იყოს დამოუკიდებელი, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოუკიდებელი“

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 04.07.2023

    (audio)
    délka: 34:34
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
  • 2

    Tbilisi, 04.07.2023

    (audio)
    délka: 49:32
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

ქართველი დისიდენტი, პოლიტიკოსი და რეჟისორი

Avtandil Imnadze, 2023
Avtandil Imnadze, 2023
zdroj: Natáčení

ავთანდილ იმნაძე დაიბადა 1940 წლის 15 ოქტომბერს თბილისში, საქართველოში. ის არის გამოჩენილი ქართველი დისიდენტი, პოლიტიკოსი და რეჟისორი. 1970-იან წლებში დააარსა არალეგალური იატაკქვეშა მოძრაობა, რომლის მიზანსაც ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მოქმედებებით საბჭოთა კავშირის ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლა წარმოადგენდა. ამის გამო ის დააპატიმრეს და ოთხი წლით პერმის ციხეში გამოამწყვდიეს, რასაც ერთწლიანი გადასახლება დაემატა ჩუმიკანში, ხაბაროვსკის მხარეში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ავთანდილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საიდანაც მოგვიანებით 3 წლით კიევის ავიაციის ინსტიტუტში გაგზავნეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლა გააგრძელა და გეოლოგის პროფესიას დაეუფლა, თუმცა ამ სფეროში ჯამში 4 წელი გაატარა და რეჟისორის კარიერა აირჩია. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას თეატრი დააარსა, მოგვიანებით კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გადავიდა. 1978 წლის 14 აპრილს მიტინგის გამართვა ავთანდილის იდეა იყო. დემონსტრანტები საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების ჩანაფიქრს აპროტესტებდნენ. ამან კგბ ძალიან გააბრაზა და სულ რამდენიმე დღეში, ავთანდილი დააპატიმრეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ის აქტიურად ჩაერთო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საქმიანობაში და 1991 წლის 9 აპრის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტსაც მოაწერა ხელი.