Vakhtang Dzabiradze ვახტანგ ძაბირაძე

* 1953

  • „რაკთან [ციხის თანამშრომელი] მქონდა კარგი ურთიერთობა. ორივე ფეხბურთის მოყვარულები ვიყავით: ის კიევის დინამოს ფანი იყო, მე თბილისის დინამოსი და მოდიოდა და ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. ერთხელაც მოვიდა როცა ვმუშაობდი და დამიწყო ლაპარაკი. შევყევით საუბარს და საბჭოთა ხელისუფლებას ვაგინებდით. უცებ გავაჩერე და ვუთხარი, ასეთებს რომ ლაპარაკობ, მე სწორედ მაგის გამო ვარ აქ, შენ ჩემი უფროსი ხარ და დამყურებ- მეთქი. მიპასუხა, ჩვენ შორის განსხვავება იცი რა არისო? შენ არ იცოდი, ვისთან გელაპარა, მე კი ვიცი, ვისთანაც უნდა ვილაპარაკოო. სისტემა ამდენად იყო დამპალი, პატიმრები პოლკოვნიკს ვეუბნებოდით, დაგიჭერ როცა გავთავისუფლდებით და მოვალთ ხელისუფლებაშიო.“

  • „ჯერ დააპატიმრეს დათო ბერძენიშვილი, 1984 წლის 3 იანვარს კი დანარჩენებიც დაგვაპატიმრეს, ახალი წელიც არ შეგვარგეს. დათო რომ ჩავარდა, გავაჩერეთ საქმიანობა. სხვათა შორის, ძალიან გაუჭირდათ ჩვენზე გამოსვლა. როგორც შემდეგ ამბობდნენ კგბ-ს თანამშრობლები, არ ელოდნენ, რომ ამ ჟურნალების ავტორი ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით. ელოდნენ არა 25 წლის ბიჭებს, არამედ უფრო გამოცდილ, 40-45 წლის ადამიანებს, სხვაგან ეძებდნენ. საბოლოოდ მაინც ჩაავლეს ადამიანს, რომელმაც ყველაფერი თქვა. ჩვენ რომ დაგვიჭირეს, უკვე ყველაფერი იცოდნენ. დათოც რომ დაიჭირეს, ჩვენი მთავარი კომიტეტის ერთ-ერთ წევრს უკვე ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა [კგბ-ისთვის]. შემდეგ თავს იმართლებდა, რომ ვიღაც ქალთან რაღაც წამოსცდა. როცა მიხვნდნენ, რომ არასწორად ეძებდნენ, დათოს ირგვლივ დაიწყეს ტრიალი და ის კაცი, ვინც თქვა ყველაფერი, მისი ნათესავი იყო. ყველას ამოწმებდნენ და ერთ-ერთი, ვისაც ჩაავლეს ეს ადამიანი იყო. მთავარი კომიტეტის წევრი იყო, ყველაფერი იცოდა და ეს ყველაფერი მოყვა.“

  • „ჩვენთან რაც იწერებოდა, იბეჭდებოდა და იდმგებოდა კინოსა თუ თეატრში, სხვა რესპუბლიკებში ამის მსგავსიც არაფერი ხდებოდა. ჩვენი ინტელიგენცია მაშინ, შეიძლება ითქვას, დისიდენტობის ზღვარზე თამაშობდა. ჩვენ მოვხვდით იმ პერიოდში, როცა იწყებოდა კომუნისტური იდეოლოგიის რღვევა. ჩვენი თაობა კომუნისტურ იდეოლოგიას ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა. კომკავშირი არსებობდა, მაგრამ ხალხი იქ მიდიოდა იმისთვის, რომ კარიერა გაეკეთებინა და ეს თავადაც იცოდნენ. თავად იდეოლოგიის ალბათ ას ადამიანში მხოლოდ ერთს სწამდა, ესეც მეეჭვება. დანარჩენი სივრცე იყო ანტისაბჭოური და საქართველოში, რა თქმა უნდა, ძირითადად დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არსებობდა. ამას კი დაემატა ჰელსინკის კავშირის გაჩენა.“

  • „პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ახალგაზრდული ასაკი და სტუდენტობის პერიოდი, ეს იყო 70-იანი წლები, რაღაც ცვლილებები იწყებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ 70-იან წლებში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ედუარდ შევარდნაძე და ეს ის პერიოდი იყო, როცა პარტიის შიგნით დაპირისპირება არსებობდა და მოდიოდა ახალი ძალა, 72-ში კი მოვიდა კიდეც შევარდნაძე. როგორც ყოველთვის, ასეთ სიტუაციაში, როცა ერთი ხელისუფალი მიდის, მეორე მოდის (ჩვენი დღევანდელობაც ასეთია დაახლოებით), ყოველთვის ჩნდება თავისუფალი სივრცე, იმიტომ რომ მიმავალს ისეთი ძალა აღარ აქვს, რომ გავლენა სრულად შეინარჩუნოს, ახალმოსულს კი ძალაუფლება ჯერ არ აქვს ხელში ისე აღებული, რომ ყველაფერი გააკონტროლოს და სწორედ ასეთ ვითარებაში ჩნდება სივრცე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს პერიოდი დაემთხვა ჩემი სტუდენტობის ხანას. ასევე, საქართველოში, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საკმაოდ თავისუფალი იყო კულტურის სფერო. ის რაც საქართველოში იწერებოდა, სპექტაკლი იდგმებოდა და ფილმები იღებოდა, სხვა რესპუბლიკებში ასეთი თავისუფლება იშვიათი იყო. ახალი თაობა მოვიდა ამ გარდაქმნებთან ერთად, რაც მაშინ იწყებოდა, 70-იან წლებში, როცა შევადნაძე მოვიდა და ახალი ტალღა მოიყვანა. დღეს უკვირთ, 20-22 წლის ბიჭები გამგებლებად რომ ინიშნებიან, მაშინაც დაახლოებით ასე იყო, უბრალოდ ისინი რაიკომის მდივნებად ინიშნებოდნენ.“

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 28.06.2023

    (audio)
    délka: 01:31:47
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

რამდენიმე წელი გავატარე პერმის ციხის ბანაკში

Vakhtang Dzabiradze, Tbilisi, 2023
Vakhtang Dzabiradze, Tbilisi, 2023
zdroj: Natáčení

ვახტანგ ძაბირაძე, ქართველი დისიდენტი, პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, დაიბადა 1953 წლის 6 თებერვალს, საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში. 1970-იან წლებში მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია და ანტისაბჭოთა მოქმედებებში ჩაერთო, რის გამოც დააპატიმრეს და პერმის ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწია. 1970 წელს ვახტანგ ძაბირაძე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისი სტუდენტობის წლები დაემთხვა პერიოდს, როცა პოლიტიკურ არენაზე ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა და ვასილ მჟავანაძეს დაუპირისპირდა. პოლიტიკით ადრეც ინტერესდებოდა, პირველი ნაბიჯი კი 1978 წელს გადადგა, როცა მეგობრებთან, ლევან ბერძენიშვილთან და ვახტანგ შონიასთან ერთად რესპუბლიკური პარტია დააარსა. პარტიის წევრებმა არალეგალური ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ანტიკომუნისტური ჟურნალის გამოცემა დაიწყეს. მოძრაობა იზრდებოდა, თუმცა მალევე ერთ-ერთმა წევრმა ინფორმაცია კგბ-ს გაუმხილა და ყველა მათგანი დააკავეს. პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მალევე, ის „ჭავჭავაძის საზოგადოებას“ შეუერთდა, რის დამსახურებითაც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ცენრში მოექცა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ვახტანგი პარლამენტის წევრი იყო, თუმცა საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო რესპუბლიკური პარტია დატოვა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დღემდე ინტერესდება.