„მე თვთვლი, რომ ყველაზე მძიმე რაღაც არის შიში. 37 წელს ამდენი ხალხი დაიჭირეს. ამ ადამიანებს და-ძმები, მშობლები, მეგობრები ჰყავდათ, მაგრამ გარეთ ვინმე გამოვიდა? ვინმემ ერთი სიტყვა მაინც თქვა? არა, თბილისი გაჩუმებული იყო. დედას მოგონებებში წერია, რომ როცა სატვირთო მანქანებით გადაჰყავდათ, ხალხი ქუჩაში ჩუმად იდგა, კაცები ქუდს იხდიდნენ და თავს ჩუმად უხრიდნენ. ეს შიში იმის მაჩვენებელია, რომ თითქმის მხარს უჭერ იმას, რაც ხდება“
„საზოგადოებიდან უფრო ვიგებდი [მამას შესახებ]. გუდიაშვილს როცა შევხვდი, მაგალითად, როცა გაიგო ვინ ვიყავი, თავზე შემოირტყა ხელი და ცოლს დაუძახა მაშინვე. მამას ალბათ ბევრი მეგობარი ჰყავდა და ეს ყველგან მხვდებოდა. მამა სულ ჩემთან არის, როდიდან ვერ გეტყვით, მაგრამ სულ ვფიქრობ, როცა ჩემს ფიქრებთან მარტო ვრჩები, რატომ? რისთვის? პასუხი არ მაქვს...“
„მე ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ჩემმა და-ძმამ მძიმე პერიოდი გაიარეს. გივიმ უნივერსიტეტი ფრიადებზე დაამთავრა და პროფესორ ნამორაძეს უნდოდა, ის სამუშაოდ თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო მისი ოჯახის გამო. საბოლოოდ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩართო და მაინც დაიტოვა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ელიკოს სამედიცინო უნივერსიტეტიდან რიცხავდნენ გადაუხდელობის გამო და ცნობილმა ქირურქგმა, [კოწია ერისთავი] რომელიც კომისიის წევრი იყო, როცა გაიგო, რომ ელისო შალვა კიღურაძის ქალიშვილი იყო, დავალიანება თავად დაფარა. ეს მოგვიანებით გავიგეთ.“
„დედა დაბრუნდა ომის დაწყების დღეებში, ძლივს გამოასწრო მოსკოვიდან. მას არ ჰქონდა ქალაქში ცხოვრების და მუშაობის უფლება და ქურდიანებმა წაიყვანეს საგარეჯოში, საგვარეულო მამულში დაასახლეს, უვლიდნენ და გვერდში ედგნენ. რაღაც დროის შემდეგ მისცეს ქალაქში დაბრუნების უფლება. მე ვიყავი, ალბათ, 6 წლის და ძალიან გამიკვირდა ამ ქალის მოსვლა ოჯახში. როგორც მიყვებიან, დიდხანს მქონდა გაუცხოება. ვერ აღვიქვი, რომ ეს იყო დედა, რადგან აქამდე ჩემთვის დედა იყო ბებია, ბიძაჩემი იყო მამა, მხოლოდ ბაბუა იყო ბაბუა. ამას არ ვამხელდი, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს ალბათ ასე აღქმა. დედა ძალიან ცდილობდა, რომ მისთვის დედა დამეძახა. პირველად „Мама Варя“ ვთქვი, რატომ რუსულად, დღემდე გაუგებარია, მაგრამ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა“
დედაჩემი ხელახალი გადასახლების მუდმივ შიშში ცხოვრობდა
ნინო კიღურაძე დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს. ის სულ რაღაც 7 თვის იყო, როცა მამამისი, შალვა კიღურაძე დახვრიტეს. ამ ტრაგედიიდან 2 თვეში კი დედაც გადაასახლეს.
დედის დაბრუნების მომენტში ნინო სულ რაღაც 6 წლის იყო და იხსენებს, რომ სახლში უცხო ქალის მოსვლამ ძალიან გააკვირვა - გაუცხოება დიდხანს გაგრძელდა. უდედმამოდ გაზრდილ ბავშვს გაუჭირდა იმის აღქმა, რომ ეს ქალი დედამისი იყო, რადგან იქამდე ამ როლს ბებიამისი ითავსებდა. საბოლოოდ, გარკვეული დროის შემდეგ მან მაინც შეძლო, ეს სიახლე მიეღო.
ნინო კიღურაძე, ოჯახის წარსულის მიუხედავად, 1956 წლის მარტის აქციებში იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ სტალინს იცავდნენ, როგორც ქართველს და არა როგორც ბელადს. იხსენებს იმასაც, რომ დედა მუდმივად ხელახალი გადასახლების შიშში ცხოვრობდა: თუ ორ ადამიანს მაინც ნახავდა აივანთან ახლოს, ნინოს მაშინვე კარადაში მალავდა.
ნინო არქეოლოგის პროფესიას დაეუფლა და მოგვიანებით ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. 17 წელი გაატარა ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არის 60 ნაშრომის ავტორი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. ბიჭვინთაში მუშაობდა, როცა აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო და თბილისში დაბრუნება ჩრდილოეთ კავკასიის გავლით მოუწია. ნინო კიღურაძე დღემდე თანამშრომლობს საზოგადოება „მემორიალთან“, თუმცა ახალი თაობისათვის რეპრესიების ისტორიის გადაცემას ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემად თვლის.
Hrdinové 20. století odcházejí. Nesmíme zapomenout. Dokumentujeme a vyprávíme jejich příběhy. Záleží vám na odkazu minulých generací, na občanských postojích, demokracii a vzdělávání? Pomozte nám!